Georgian 2025 call

საავტორო პიესების კონკურსი 2025/2026

ევროდრამა [EURODRAM] – დრამატულ ნაწარმოებთა თარგმნის ევროპული ქსელი აცხადებს ქართულ ენაზე შექმნილი თანამედროვე პიესების კონკურსს.

2026 წელს „ევროდრამის“ ქართული საკონკურსო კომისია შეარჩევს სამ საუკეთესო პიესას, რომლებიც გავრცელდება საერთო ევროპულ ქსელში, სხვადასხვა ენოვანი 30 კომიტეტისა და 300-ზე მეტი წევრის საშუალებით. შერჩეული პიესების წარდგენა, შესაძლებლობისამებრ, მოხდება საჯარო კითხვა-პრეზეენტაციების გზით, ასევე რეკომენდაცია გაეწევა სასცენო დადგმისა და სხვა ენებზე თარგმნის მიმართულებით „ევროდრამის“ ქსელის მთარგმნელთა შორის.

საკონკურსო პირობები

  • საკონკურსო კომისია განიხილავს ქართულ ენაზე შექმნილ, საავტორო პიესებს, რომლებიც გასულ წლებში საკონკურსოდ არ წარდგენილა „ევროდრამის“ კონკურსზე.
  • პიესა შექმნილი უნდა იყოს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2021 წლის 1 იანვრიდან).
  • საკონკურსოდ მიიღება ასევე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული და დადგმული პიესები.
    • ერთ ავტორს საკონკურსოდ შეუძლია წარადგინოს არაუმეტეს ორი პიესისა.
    • საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სრული ფორმატის პიესები (მონოდრამები, ერთ მოქმედებიანი პიესები, მოკლე პიესები, ასევე მკაფიო დრამატული სტრუქტურის არმქონე ნარატიული ან პოეტური ტექსტები საკონკურსოდ არ განიხილება).
  • საკონკურსო პიესის წარდგენით ავტორი უსასყიდლოდ გადასცემს „ევროდრამას“ წარდგენილი პიესის საჯარო კითხვის უფლებას და ამავდროულად უარს აცხადებს ნებისმიერ ჰონორარზე, რაც აღნიშნული პიესის საჯარო კითხვასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს – როგორც წარმატებულ, ისე დამწყებ დრამატურგებს; კონკურსი განსაკუთრებით მიესალმება ახალგაზრდა ავტორების მონაწილეობას.
  • პიესების წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით: საკონკურსო ნაწარმოები უნდა გაიგზავნოს PDF ფორმატში, მითითებულ ელფოსტაზე: eurodramge@gmail.com. საკონკურსოდ წარდგენილ თითოეულ პიესას თან უნდა ერთვოდეს დამატებითი ინფორმაციის შემცველი ცალკე დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება:
  1. ავტორის სრული სახელი და გვარი, მოკლე ბიოგრაფია (150 სიტყვამდე) – ქართულ და ინგლისურ ენებზე და საკონტაქტო ინფორმაცია;
  2. პიესის შექმნის თარიღი და ადგილი; საჭიროების შემთხვევაში – პიესის გამოქვეყნებისა და/ან დადგმის თარიღი და ადგილი;
  3. პიესის სინოპსისი ქართულ და ინგლისურ ენებზე (150 სიტყვამდე).

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2026 წლის 21 თებერვლამდე.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 21 მარტს, ვებგვერდზე http://eurodram.org/

დამატებითი ინფორმაციისთვის, მიჰყევით ბმულს: Eurodram • ევროდრამა

„ევროდრამა“ [EURODRAM] არის თანამედროვე დრამისა და თარგმანის ევროპული ქსელი, რომელიც აერთიანებს 300-ზე მეტ წევრს – 30 ენობრივი კომისიის ფორმატში; ქსელის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე პიესების თარგმნას ევროპის, ცენტრალური აზიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებიდან, გაზარდოს მათი ხელმისაწვდომობა თეატრის პროფესიონალებისა და ფართო აუდიტორიისთვის – დამოუკიდებლობის, თანასწორობისა და ენობრივი მრავალფეროვნების პრინციპებზე დაყრდნობით.

„ევროდრამის“ ენობრივი კომიტეტები ყოველ მეორე წელს ირჩევენ თითოეული კომიტეტის ენაზე შექმნილ სამ საავტორო პიესას და რეკომენდაციას უწევენ მათ თარგმნას სხვა ევროპულ და ახლო აღმოსავლეთის ენებზე. შუალედურ წლებში კი, კომიტეტები ირჩევენ ასევე მათ ენაზე შესრულებულ სამ საუკეთესო თარგმანს და რეკომენდაციას უწევენ მათ გამოქვეყნებასა და/ან დადგმას.